100 წლის შემდეგ ამ მარანში ღვინის წარმოება სრულად აღსდგა! მე-19 საუკუნის კახეთში ქიზიყი გამორჩეული მხარე იყო სავაჭრო-სამრეწველო განვითარების დონით და ამის თვალსაჩინო მაგალითებია დღემდე შემორჩენილი მარნები თუ სავაჭრო რიგები, რომლებსაც მრავლად შეხვდებით სიღნაღში. თუმცა, გარდა სიღნაღისა ქიზიყი სავსეა ისტორიული შენობა-ნაგეობებით, მაგრამ მათი უმეტესობა ან დანგრევის პირასაა ან გასაბჭოების შემდგომ იმდენად იცვალა იერ-სახე რომ მათში პირვანდელი გამოსახულების დანახვა რთულია. ამ მხრივ ჩვენს მარანს გაუმართლა. მისი ახალი სიცოცხლე სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც კოოპერატივი „კახეთის“ წევრებმა სოფელ კარდენახში მდებარე ტყე-ბუჩქნარით დაბურულ, მიშენებებით დაფარულ ნაგებობებში დაინახეს ის მარანი რომელსაც თქვენ ფოტოებზე ხედავთ და რომელმაც უკვე 2 რთველს უმასპინძლა.
მარანი აგებულია მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი აგურით, რომლებზეც ჯვარია გამოსახული და რომელსაც „ფრანგულ აგურად“ მოიხსენიებდნენ. ყველაზე ახალგაზრდა ქვევრი 1904 წლით თარიღდება და ცნობილი მექვევრის ისიდორე ჩუბინიძის ნახელავია, სხვა დანარჩენი ქვევრებიც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის პერიოდს განეკუთვნებიან. საინტერესოა, რომ მარნის ყველაზე ძველი ქვევრი, რომელზეც ნალის ფორმის მოყვანილობის ნიშანია დატანილი ყველაზე დიდიცაა და მისი მოცულობა 4 ტონას აღწევს.
მარანში დღესდღეობით კოოპერატივი „კახეთის“ ღვინოები იწარმოება „კარდანახის მამულის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ. ეს მარანი „კარდანახის მამულის“ ღვინოების წარმოების ერთდაერთი ისტორიული ადგილი არ გახლავთ, თუმცა სხვა მარნებზე შემდეგ გამოშვებებში მოგიყვებით. კოოპერატივი „კახეთის“ ბიზნეს ინიციატივა ითვალისწინებს უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოებას სწორედ ასეთ ისტორიულ მარნებში, მათ აღდგენას ავთენტურობის სრული შენარჩუნებით და შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესისთვის აუცილებელი ელემენტების დამატებით, ასევე ამ პროცესის პოპულარიზაციას, რათა ქიზიყის სოფლებს დაუბრუნდეს ისტორიული როლი და იერი. ამ ეტაპისთვის კოოპერატივმა უკვე სამ ისტორიულ მარანს დაუბრუნა ავთენტურობა და უახლოეს მომავალში მათ რიცხვს კიდევ რამდენიმე ობიექტი შეემატება.